ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დამკვირვებლების განცხადებით, კანდიდატებს მერების არჩევნების მეორე ტურში თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობა ცვლილებებს საჭიროებს
თბილისი, 2017 წლის 13 ნოემბერი - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე დამკვირვებლების დასკვნით, 12 ნოემბერს, საქართველოს ექვს რეგიონში ჩატარებული მერების არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული. შემოკლებული და ნაკლებად აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში, კანდიდატებს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ და ფუნდამენტური უფლებები, ძირითადად, დაცული იყო. ამავდროულად, პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები არჩევნების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ მოსამზადებელი სამუშაოები ყველა დონეზე, ძირითადად, პროფესიონალურად და დროულად ჩაატარა, მათ შორის, უზრუნველყო ქვედა დონის კომისიების სრულად დაკომპლექტება და დამატებითი ტრენინგების ორგანიზება,“ - განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კორინ იონკერმა. „არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული გარკვეული რეგულაციების არარსებობა, მედიაში წინასაარჩევნო კამპანიის გვიან დაწყება და მეორე ტურამდე სუბიექტებისთვის საკუთარი კანდიდატურის მოხსნის აკრძალვა, საკანონმდებლო ბაზის შემდგომი რეფორმირების საჭიროებაზე მიუთითებს.“
საკანონმდებლო ჩარჩო, ძირითადად, სათანადო საფუძველს ქმნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად. თუმცა, მეორე ტურთან დაკავშირებული გარკვეული ასპექტები არათანმიმდევრული, ან ბუნდოვანია. მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის ჩატარდა, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს, თუმცა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ პარტია არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა, რის შედეგადაც, ექვსიდან ორ ოლქში საარჩევნო მარათონს ადგილი არ ჰქონია.
გამოხატვის თავისუფლება მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის დროს დაცული იყო. მედიის მარეგულირებელი ორგანოდან მიღებული მითითებების თანახმად, მაუწყებლებს უფასო საეთერო დროის გამოყოფა და ფასიანი საარჩევნო რეკლამების შეთავაზება მხოლოდ 2 ნოემბრიდან შეეძლოთ, რამაც კანდიდატებისთვის მედია კამპანიის წარმოების შესაძლებლობა შეზღუდა. ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება საარჩევნო კამპანიას რეგულარულად აშუქებდა, ხოლო ნაციონალურ დონეზე მედია მეორე ტურის ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას უმეტესწილად იგნორირებას უკეთებდა. ახალ ამბებში მმართველი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ დომინირებდა.
„პოლიტიკურ ასპარეზზე წამყვანი პოზიციების ქონა გარკვეულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, რომელიც იმ რეფორმების განხორციელების უზრუნველყოფას გულისხმობს, რომლებიც აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას ითვალისწინებს; აღნიშნული რეფორმები კონსულტაციების საფუძველზე და არჩევნებით დაინტერესებული ყველა მხარის ჩართულობით უნდა განხორციელდეს, ეს რეფორმები არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის თანაბარ პირობებს უნდა უზრუნველყოფდეს,“ - განაცხადა კორინ იონკერმა.
პირველი ტურის შემდეგ ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული 1000-მდე საჩივარი ღიად და კოლეგიალურად განიხილებოდა, შესაბამისი პროცედურებისა და კანონით დადგენილი საბოლოო ვადების დაცვით. თუმცა, ბევრი საჩივარი პროცედურულ, ან ფორმალისტურ საფუძვლზე, განხილვის გარეშე იქნა უარყოფილი. აღნიშნულმა, კანდიდატებისა და ამომრჩეველების დარღვევებზე ეფექტური რეაგირების უფლება შეზღუდა. ამასთან, საარჩევნო დავების გადაწყვეტის სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა.
პირველი ტურისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება მთავარ პრობლემად არ დასახელებულა. თუმცა, ზეწოლისა და დაშინების შესაძლო შემთხვევები შეშფოთებას იწვევდა. არჩევნების დღე შეუფერხებლად და პროფესიონალურად წარიმართა. ხმის მიცემის, ხმების დათვლის და გადათვლის პროცესი დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს.
ამომრჩეველთა სიები, გარდაცვლილი ამომრჩევლების სიებიდან ამოღების და არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის 18 წელს მიღწეული პირების სიებში ჩასმის მიზნით განახლდა. ცესკომ არსებული სადამკვირვებლო აკრედიტაციების გახანგრძლივება პასუხისმგებელ პირთა ჩართულობით უზრუნველყო. გარდა ამისა, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცესკომ დამატებითი აკრედიტაციის საშუალებაც შექმნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ტომას რაიმერს (OSCE/ODIHR), +995 591 040 739 ან +48 609 522 266, thomas.rymer@odihr.pl