ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ემზადება საქართველოში სასამართლო პროცესებზე დაკვირვების განსახორციელებლად
2013 წლის 7 თებერვალს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ჯგუფი იწყებს გაცნობით ვიზიტს საქართველოში, რათა დააკვირდეს მაღალი პოლიტიკური რანგის მქონე პირების სასამართლო პროცესებს.
ვიზიტის მიზანია სასამართლო პროცესებზე დაკვირვების დაწყებამდე ადგილობრივ სტრუქტურებთან კონტაქტების დამყარება და მათთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ვიზიტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების და მათი ხელშეწყობის საფუძველზე.
ვიზიტის შედეგებზე დაყრდნობით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი თავისივე მეთოდოლოგიის შესაბამისად დააკვირდება სასამართლო პროცესებს, ობიექტურობისა და სასამართლოს საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.
სასამართლო პროცესების გამართვის შემთხვევაში, დამკვირვებლები შეაფასებენ ამ პროცესების და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას სამართლიანი სასამართლოს უფლების საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ აღებულ ვალდებულებებთან. ასევე დამკვირვებლები გამოავლენენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს შესაძლო ნაკლოვანებებს. დაკვირვების შედეგები და შემდგომი რეკომენდაციები წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.
თავისი მანდატის შესაბამისად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აწარმოებსსასამართლო პროცესებზე დაკვირვებას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილე სახელმწიფოებს ისეთი პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს უზრუნველყოფს. საქართველომ, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, თავის თავზე აიღო ვალდებულება, ნდობის დამყარების მიზნით და ასევე ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, მიიღოს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები.